აქ თქვენ Perfectcook.org მფლობელთა და ავტორთა შესახებ შეიტყობთ; თუ ვინ არიან ისინი, რა აკავშირებთ კულინარიულ სამყაროსთან და რა სიახლეებია ჩვენთან;

სულ პირველად, ანუ 3 წლის წინ, როცა Perfectcook.org შეიქმნა (ისტორია იხილეთ აქ), ვერც წარმოვიდგენდი, რომ იგი ასეთ მაშტაბებს მიაღწევდა, მრავალი მიმართლებით განვითარდებოდა და მასზე ასეთ მოთხოვნა იქნებოდა; შესაბამისად, ეს ყველაფერი დიდი ჯაფისა და შრომის შედეგია, რაშიც წვლილი ათეულობით ავტორს მიუძღვის;

მე, როგოც ამ გვერდის მფლობელმა და ერთ-ერთმა ავტორმა - გადავწყვიტე, რომ ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებული მონდომებით, სახელით და კულინარიული ნიჭით გამოირჩევიან - "პერფეკტი" მათი საკუთრებაც გახდეს. ამისთვის,  ხუთი ავტორი  შეირჩა, ვისაც ყველაზე მეტი რეცეპტი აქვს განთავსებული, სარგებლობენ მკითხველთა ინტერესითა და მოწონებით;   

მაშ, ასე ბევრი რომ არ გავაგრძელო - წარმოგიდგენთ  Perfectcook.org_ის მფლობელ კულინარიულ ავტორთა ჯგუფს: ნინო ჯანანაშვილი, ნინო ფანჯაკიძე, დონა გიორგაძე, თამუნა ლუტა და ნათია მინაშვილი;

პერფეკტზე, ასევე გვყავს ავტორთა დიდი არმია, რომელიც დღეისათვის 60-ზე მეტი ავტორისგან შედგება და მათ რიცხვი მუდმივად იზრდება;

 

თქვენ, კი რადგან ამ გვერდით დაინტერესდით და ამ სიტყვებსაც კითხულობთ - ე.ი. უკვე გვიცნობთ. დღეიდან, კი  ხშირად შემოიხედეთ, თქვენი სურვილები, თხოვნა და შენიშვნებიც გაგვიზიარეთ; მანამ, კი გაეცანით აქ განთავსებულ რამდენიმე ათას   გამოცდილ და ავტორისეულ რეცეპტს - ჩვენივე სურათებით და ჩვენივე მომზადებულს - რაც ასეთი იშვიათი ფაქტია ქართული კულ.რეალობისთვის და რითაც ნამდვილად ვამაყობთ;  ასევე გელით - პროდუქტების მიმოხილვა, რჩევები, ფორუმი და კიდევ ბევრი საინტერესო რამ;

Perfectcook.org-ის მფლობელთა გუნდი პროფესიულადაა "ჩაფლული" კულინარიულ სამყაროში, ეს არის მათი "სუნთქვა და საფიქრალი"; დეტალურად, კი თითეულის შესახებ ინფორმაციას ქვემოთ გაეცნობით;

 

ნათია მინაშვილი

 

 

 

 

------------------------------------------------------------------------

 

 

ჩემი კულინარიული მოგზაურობა

ანუ

წინსაფრიანი პეპინო, ცომიანი ხელები და ცოტა მეტი . . .

   
   

Natiawww

ყველაფერი განსაკუთრებული ხომ მარტივად და სულაც ბანალურად იწყება. ასევე დაიწყო ჩემი მოგზაურობაც გემოთა სამყაროში . . . ცოტა ხანია, რაც „კულინარიული რომანტიზმი“-ს შეტევებს განვიცდი . . . სულ სამი თუ ოთხი წელია, რაც ამ საოცრებათა სამყაროს კარი შევაღე და ჯამ-ჭურჭელი ავახრიგინე . . .

 ჟამთააღმწერლებსა და სტატისტიკის მოყვარულებს იმედი უნდა გავუცრუვო - არ მახსოვს პირველად რა გავაკეთე, ან როდის და ვისთვის გავაკეთე . .ერთია, ბავშვობაში სულ მახსოვს, რომ სამზარეულოში მოფუსფუსე ოჯახის წევრები
ახლოს არ მიკარებდნენ . . შემდეგ სურვილიც გამიქრა, მართალი გითხრათ . .მოგვიანებით-აი, აქ ვხვდებით ბანალურობის გამოხატულების პირველ ეტაპს - „სიყვარულის გზა კუჭზე გადისო“ თუ „კაცის გული კუჭზე გადისო“- ერთი სიტყვით ეს ორივე გამოთქმა მკაფიოდ ასახავს, თუ რატომ გადავუხვიე კულინარიის გზაზე და თუ დღევანდელი გადასახედიდან შევაფასებთ - საკმაოდ წარმატებულადაც; თუმცა, მაშინ ქართული კერძები არ მოხვდა ჩემი ინტერესის სფეროში, ან როგორ შევეჭიდებოდი ისეთ კერძებს, რომლის დიდოსტატებიც ყველა ქართულ ოჯახში მოიპოვება და ყველა დიასახლისს თავისი განუმეორებელი და უგემრიელესი კერძის რეცეპტი აქვს . . . ეს მოგვიანებით დაიწყო, როცა საზღვარგარეთ წავედით სასწავლებლად და მეუღლე ქართული კერძების ნოსტალგიამ შეიპყრო . .

აი, აქედან კი უკვე შეგვიძლია ამ მოგზაურობის ათვლის წერტილი ვიანგარიშოთ. პირველი, რაც გავაკეთე ნიგვზიანი ბადრიჯანი იყო, შეგხვედრიათ იქნებ ეს რეცეპტიც და მისი სურათიც, რომელიც პირველად ქართულ ვიკიპედიაზე მოხვდა, დღეისთვის, კი უამრავ საიტზე და ბლოგზე გამოუნახეს ადგილი . .

აი, ასე გრძელდება ჩემი მოგზაურობა, იმედია შემომიერთდებით და ერთად უფრო გემრიელად და ხალისიანად გავაგრძელებთ გზას, გზა-გზა „გადავუხვიოთ“ კიდეც წასახემსებლად . .

 

თქვენი პეპინო

 

პ.ს. ჩანახატი ავტობიოგრაფიიდან - „მე, ნათია მინაშვილი დავიბადე ქ. სამტრედიაში 1976 წლის 7 ნოემბერს, მოსამსახურის ოჯახში . . . პროფესიით ვარ ეკონომისტი და საქართველოს საგადასახადო კოდექსი ჩემი სამაგიდო წიგნი იყო ერთ დროს . . . მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი . . . პროფესიის გამო ვმოგზაურობთ ქვეყნიდან-ქვეყანაში და ამჟამად ვცხოვრობთ ჰოლანდიაში . . .„

 

 

 

 

 

_____________________________________

 

  nino jananashvili ნინო ჯანანაშვილი

 

კულინაარიისადმი ინტერესი დიდი ხნის წინ გამიჩნდა. მიყვარდა, როცა ვუყურებდი, როგორ აცხობდა დედა ნამცხვრებს, კექსებს, ქადებს, ბლინებს. უფლებას მაძლევდა გამეკეთებინა კრემი ან მომერთო ნამცხვარი ჩემი სურვილის მიხედვით. ჩემი პირველი ექსპერიმენტებიც სწორედ ამ სფეროში, ცხობაში დავიწყე... ეს დღემდე მომყვება და ცხობა ჩემი საყვარელი მიმართულებაა კულინარიაში.

 

შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, კულინარია მხოლოდ შორიდან მიყვარდა, თუმცა სიამოვნებით ვუყურებდი გადაცემებს ამ თემაზე და ვფურცლავდი გემრიელი საჭმლებით დახუნძლულ პრიალა ჟურნალებს ... ეს დღემდე გრძელდება და დიდი სიამოვნებასაც მანიჭებს:)

 

პირველ წარმატებულ კერძამდე, კი ბევრი გაფუჭებული პროდუქტი, უშნო ნამცხვარი თუ სამკუთხა ხაჭაპური იყო ... ჩემი ექსპერიმენტები სამზარეულოში დღემდე გრძელდება, ხშირად ვცვლი დადგენილ რეცეპტებს, ვიგონებ სხვა კომბინაციებს, წარმატებულს სიამოვნებით გიზიარებთ, ხოლო სამარცხვინოებს მხოლოდ ჩემს ნაგვის ურნას ვანდობ.

_____________________________________

                                                            

 

 

                                                           დონა გიორგაძე           Dona Giorgadze

 

როგორც ამბობენ, ყველაფერი დიდი პატარიდან იწყება. მართალია, ჯერ დიდი არაფრისთვის მიმიღწევია, მაგრამ, რომ იცოდეთ, როგორ ცხადად ვხედავ, რომ რაღაც საინტერესო მელოდება წინ. ჩემს სამშობლოში ამბობენ „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“. აქ კი, ოცნებების ახდენისა და შესაძლებლობების ქვეყანაში, დიდი მოტივატორები გამუდმებით ჩაგვჩიჩინებენ, იოცნებეთ და ოცნებები აუცილებლად აგიხდებათო. ხოდა, მეც მირჩევნია ვიოცნებო და მჯეროდეს, რომ ოდესმე რაღაც დიდს აუცილებლად მივაღწევ.

არც კი მახსოვს როდის და როგორ დაიწყო ჩემი კულინარიით გატაცება. ბავშვობაში სამზარეულო ნაკლებად მიტაცებდა და ძირითადად თავისუფალ დროს წიგნს ვკითხულობდი ან აბაზანის სარკეში გამოგონილ პერსონაჟს რუსულად ველაპარაკებოდი. რუსულად რატომ? რა ვიცი, მაშინ ინგლისური არ ვიცოდი და ეს ერთდაერთი უცხო ენა იყო, რაზეც გაჭირვებით, მაგრამ მაინც შემეძლო მემეტყველა. არც სამზარეულოს მაკარებდა ვინმე, რომ სწავლაში ხელი არ შემშლოდა და არც მე მქონდა გაზქურისადმი დიდი ლტოლვა. საჭმელების კეთება კიდევ ჰო, მაგრამ აი ნამცხვრის ცხობა ჩემი აქილევსის ქუსლი იყო და კვლავაც არის. ჩემი მეგობარი ყოველ შაბათს ზებრას აცხობდა და თუ კარგი არ გამოუვიდოდა,   მე მაბრალებდა, შენ შეხედე ცუდი თვალითო.

მოგვიანებით, როცა გავთხოვდი, ყოველთვის ვცდილობდი რაღაც უცხო გამეკეთებინა სადილად. ხშირად ჩემი ინტერპრეტაციით ვაკეთებდი ინგრედიენტების ქონა არქონიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ამ საქმეს სერიოზულად არ აღვიქვამდი და არც არასდროს მიფიქრია თუ ოდესმე ასე გამიტაცებდა. პროფესიით თარჯიმანმა, რა აღარ მოვსინჯე 19 წლის მანძილზე_ ტელევიზია, მასწავლებლობა, ქსელური მარკეტინგი, საგარეო შესყიდვები, თარგმნა და უამრავი წვრილ-წვრილი საქმიანობა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ის არ იყო რისი გაკეთებაც მინდოდა, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა.

როგორც წესი, თითქმის ყველა ქართველი დიასახლისი, არა აქვს მნიშვნელობა, მუშაობს თუ არა, სახლში სადილს აკეთებს. მეც, გამორჩეული არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ყოველ დღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც სამზარეულოში ვფუსფუსებდი, მაგრამ ეს უფრო რუტინული მოვალეობის მოხდა იყო ოჯახის წევრების მიმართ, ვიდრე აქედან სიამოვნების მიღება. მას შემდეგ, რაც ჩემი ორი შვილით ცალკე გადავედი საცხოვრებლად, ძირითადად, საინტერესო სადილებს მხოლოდ შაბათ-კვირას ვაკეთებდი და სტუმრად მოსულ ჩემს მეგობრებს ვუმასპინძლდებოდი. ხანდახან ფოტოებსაც ვუღებდი და ჩემს მაშინდელ მეგობარს, ახლა კი უკვე მეუღლეს, ინტერნეტით ვახარბებდი. ეტყობა, მას მერე გადაწყვიტა ხელიდან არ გაეშვა ასეთი შესაძლებლობა, ვინაიდან ამ ქვეყანაში საჭმლის კეთება თუ იცი და აკეთებ, იშვიათობაა და ძალიან მაგარი ხარ.

მერე facebook-იც შემოიჭრა ჩვენში და დავიწყე ამ ფოტოების ჩემს პროფილზე დადება და ჩემს თანამშრომლებს დორბლებს ვაყრევინებდი. რეცეპტების ძიებაში, Perfectcook.orgაღმოვაჩინე და იქ დავიწყე ჩემი ”შედევრების” განთავსება. და ასე დაიწყო, საჭმელების კეთება, ფოტოების გადაღება და ყველაზე სასიამოვნო პროცესი_ მეგობრების გამასპინძლება. ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.

ამერიკაში ჩამოსული, პირველად აქაურ უზარმაზარ სუპერმარკეტში რომ შევედი, ისე დავიბენი, გონზე ვერ მოვედი რა უნდა მეყიდა და შესაბამისად, რა უნდა გამეკეთებინა. ერთი თვე დაგრილულ ქათმის მკერდზე, ბურგერებზე და სალათის ფოთოლზე ვიყავით მეც და ჩემი ოჯახიც. ყოველ მეორე დღე ორ საათიანი დათვალიერების შემდეგ, ცოტა ხანში შევისწავლე რა ინგრედიენტი სად იყო და რაში უნდა გამომეყენებინა. თითქმის ყოველ დღე ვუყურებდი ჩემს საყვარელ არხს food networkდა აქაურ ინგრედიენტებს და მათ გამოყენებას ვსწავლობდი, დღის ბოლოს კი ჩემი ”შედევრის” დროც დგებოდა. ასე ემატებოდა ჩემს ფოტოალბომს Facebook-ის პროფილში ახალი, მადისაღმძვრელი ფოტოები, ნათიას ვებ გვერდს ჩემი რეცეპტები და მეც ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი იმ კარის გახსნას, რასაც კულინარიის სამყარო ჰქვია. უკვე ვიცოდი, რომ თუ რამე დიდის მიღწევა მინდოდა, სწორედ ამ ნიშაში უნდა შემეფარებინა თავი, რადგან სწორედ ეს იყო ის, რაც ღამე მაღვიძებდა და ახალ რეცეპტებს მაფიქრებინებდა, თვალებდაჭყეტილი ვიგონებდი ახალ სოუსს, კერძს თუ სალათს და დილის 6 საათზე კვლავაც პიჯამოებში გამოწყობილი ვაკეთებდი გრანოლას საუზმისთვის, ვამარინადებდი ხორცს სადილისთვის და არ ვიღლებოდი. ჩემზე ლაპარაკით რომ არ დაგღალოთ (ვიცი, უკვე დაგღალეთ) ნახეთ ჩემი რეცეპტები perfectcook.org-ზე, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები. და საერთოდ, შემოგვიერთდით, არ ინანებთ

 _____________________________________________

___________________________________________

_______________________________________

WWW.PERFECTCOOK.ORG-ის ავტორებიც გვინდა გაგაცნოთ; ისინი ვინც თავიანთ რეცეპტებს გვიზიარებენ 60-ზე მეტია, თუმცა წარდგენა მხოლოდ თეასგან დუდიასგან გვაქვს;

________________

 

თეა სამადაშვილი (Tea070706)

TeaS

გამარჯობა, მე თეა ვარ და როგორც ხედავთ, ჩემი ჰობი კულინარიაა.  ადრე ვხატავდი, ახლა ვაცხობ - ეს ისე, ხუმრობით... ისე კი, სანამ გავთხოვდებოდი, მე ამ მიმართულებით “თამაშგარე” სიტუაციაში ვიყავი. ანუ სხვები ამზადებდნენ, მე მივირთმევდი. მერე, როცა ოჯახი შევქმენით და როგორც იტყვიან, ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ არც ისე კარგად იყო ჩემი საქმე, როგორც წარმომედგინა. ამიტომ  ინტერნეტში დავიწყე ქექვა, ვეძებდი რეცეპტებს, თორემ ქმარი მშიერი მრჩებოდა და მშიერს როცა ტოვებ კაცს, ხო იცით ამას რა მოყვებააა; აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ჩემი კულინარიით სერიოზულ დაინტერესებაში უდიდესი წვლილი ჩემ მეუღლესმიუძღვის და გეტყვით ახლა რატომ: მოკლედ, რაც უნდა გამეკეთებინა, ეს იქნებოდა შემწვარი კარტოფილი თუ უბრალო ომლეტი, ყველაფრით აღფრთოვანებილი იყო და მეუბნებოდა ასეთი გემრიელი ჯერ არ გამისინჯავსო :) მე რა თქმა უნდა მჯეროდა და რაც მთავარია, საოცარ სტიმულს მაძლევდა მისი სიტყვები. არადა ეხლა რომ ვიხსენებ, ხან დამწვარ კვერცხს ჭამდა და ხან უმ კარტოფილს :) მე კიდევ მჯეროდა, რომ ძალიან გემრიელი ხელი მქონდა და ისე დავიჯერე, ბოლოს მართლა დავიწყე გემრიელი რაღაცეების კეთება.  ერთ მშვენიერ დღეს, კი მორიგი რეცეპტის ძებნაში ვარ და  ჰოი, საოცრებავ! პერფექტი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში - მერე ყველაფერი ამერ-დამერია. ახლა სამზარეულო ჩემი პატარა სამყაროა, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ფოტოგრაფია ადრეც მაინტერესებდა, მაგრამ კულინარიამ კიდევ ერთი სასიამოვნო ჰობი აღმომაჩენინა- ფუდ–ფოტოგრაფია,  ჩემი სამზარეულო პატარა ფოტოსტუდიად იქცევა ხოლმე და მაბედნიერებს ეს ყველაფერი.
უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს თქვენი შექება ჩემო საყვარელო შემფასებელო, შემომიერთდით www.perfectcook.org-ზე და გპირდებით, ეს მხოლოდ დასაწყისია ;)

 

 

 

 

_________

sofio სოფო მარგველაშვილი

ჩემი კულინარიისადმი დაინტერესება მოდის ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან.  დაახლოებით მე-7  მე-8 კლასიდან,  თითქმის ყველა კლასელის დაბ-დღეზე ჩემი გამომცხვარი ტორტი და პიცა უნდა  ყოფილიყო აუცილებლად. ხოლო გემრიელი  ხელები (ღიმილის სმაილიკი) და სამზარეულოში ფუსფუსი ოჯახიდან მომსდევს. ჩემს სახლში, როდესაც სუფრა კეთდება არა აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი, ყველას გადანაწილებული გვაქვს ჩვენ-ჩვენი საკეთებელი. თანაც ძალიან მიყვარდა ყოველთვის ბებიასთან და ბაბუასთან სოფელში ყოფნა ზაფხულობით, რომ გამოვეგდე  მთელი ზაფხული ფეხს არ ვიცვლიდი ხოლმე იქედან და ამ ყველაფერმაც  ძალიან გაამრავალფეროვნა  ჩემი კულინარიული ცოდნა: ( ხაჭაპური, თორნის პურები, გოჭის გასუფთავება და შეწვა თორნეში  და ა.შ.) რაც  სოფლისთვისაა დამახასიათებელი ყველაფერი რაც ვიცი იქედან ვიცი და ტკბილად ვიხსენებ თითოეულ იქ გატარებულ დღეს.

უკვე რომ გავიზარდე და სტუდენტი გავხდი დაიწყო ჟურნალების ფურცვლა, საინტერესო კერძების და ტკბილეულის შესწავლა-მომზადება, ლამაზად გაფორმებული სუფრის სურათების შეგროვება, ამ ყველაფერს შემდგომში ინტერნეტი და მისი ამოუწურავი ინფორმაციებიც დაემატა. უკვე ჩემს ფოტოებს და რეცეფტებს ვდებდი  facebook-ზე, შემდეგ აღმოვაჩინე თბილისის ფორუმის კულინარიის განყოფილება, არაჩვეულებრივი perfectcook.org,  რომელიც ჩემი ყოველდღიურობა გახდა და ამან კიდევ უფრო შემმატა  ახალ-ახალი  გემრიელობების კეთების სტიმული. 

დიდი სურვილი მაქვს მომავალში დავიწყო ჩემი პატარა ბიზნესი, სადაც მეგობრების და ახლო წრის გარდა შეძლებს სხვაც დააგემოვნოს ეს ყველაფერი.  იმედი მაქვს შევძლებ განვახორციელო ეს იდეა, რა თქმა უნდა თუ ღმერთის ნება იქნება.

p.s.     მე სოფია მარგველაშვილი დავიბადე ქ.ჭიათურაში 1982 წლის 11 მარტს. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი და ასევე  ზ.ფალიაშვილის მე-2 სამუსიკო სასწავლებელი: საესტრადო საკრავები, კერძოდ საქსოფონი. ძირითადად ამ საქმიანობით ვიყავი დაკავებული.

მყავს მეუღლე და ორი გოგონა, დღესდღეობით კი მხოლოდ ოჯახში ფუსფუსს და მათ მოვლას ვჯერდები......

 

                                                                               დიდი სიყვარულით  dudia............