კატლეტი

4.99

ბუთხუზა, წვნიანი და გემრიელი ხორცის ბურთულები.

კატლეტის უამრავი რეცეპტი არსებობს, ალბათ, რამდენი დიასახლისიც არის - იმდენი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. მეც, როგორი არ მიცდია, სხვადასხვა ხორცის  თუ ბოსტნეულის კომბინაციით, შემწვარი თუ ორთქლზე მოხარშული, საფანელით, თუ მის გარეშე  . . მაგრამ ეს რეცეპტი, რომლის შემოთავაზებაც ეხლა მინდა, არის ჩემი რჩეული.

ასევე უნდა გაგიმხილოთ, რომ ეს რეცეპტი ჩემი  დედამთილისგან ვისწავლე და დღემდე მიდის კამათი ჩემს შვილსა და მეუღლეს შორის - რომლის გაკეთებული კატლეტი უფრო გემრიელია:) 

Ingredients

For 8 people ()

კატლეტი Directions

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი 700 რგ;
ხახვი - 3 საშუალო ზომის თავი;
 ნახევარ-ნახევარი კონა მწვანილი: ქინძი და ოხრახუში (უმწვანილოდაც შეიძლება);
1 კბილი ნიორი;
100 გრამი პური; 
რძე - 70 მლ.ლ;
კვერცხი - 1 ცალი;
მარილი, წიწაკა, პილპილი, რეჰანი - გამხვარი;
კარაქი 50 გრ, ზეთი - შესაწვავად სამყოფი.

 

ინვენტარი: კატპეტის მანქანა ან ბლენდერი;
მომზადების დრო: 40-50 წუთი; შესაწვავად: 15 წუთი.


მომზადების წესი

1. საქონლის ხორცს ააჭერით მყესები (გადაყარეთ), ხორცი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ასევე გაჭერით 1 თავი ხახვი ოთხ ნაწილად, გაარჩიეთ ნიორი, დაუმატეთ მწვანილიც და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ;
2. ჯამში ჩაუშვით დატეხილი პური და დაასხით რძე, ჩაამატეთ მარილი, წიწაკა და კვერცხი. სიმარტივისთვის, შეგიძლიათ დააბლენდეროთ;
3. გაარჩიეთ 2 თავი ხახვი, დაჭერით წვრილად და მოთუშეთ ცოტაოდენ ზეთსა და კარაქში;
4. გატარებულ ხორცს გაუკეთეთ ჩაღრმავება და შიგ ჩაასხით ერთიან მასად ქცეული პური, რძე და კვერცხი (N2), მოურიეთ კარგად;
5. აცალეთ მოთუშულ ხახვს შეგრილება და დაუმატეთ ხორციან მასას, რომელსაც პური უკვე შერეული აქვს;
6. თუ შეგიძლიათ გასინჯეთ მარილი და წიწაკა, დაამატეთ რეჰანი;
7. ამოაგუნდავეთ თითო-თითოდ, სასურველ ზომაზე, დაახლოებით ხელის გული რომ გაივსოს იმოდენად;
8. მიეცით მოგრძო, მაგრამ ბუთხუზა ფორმა და დაალაგეთ კულინარიულ დაფაზე;
9. ამოგუნდავებიდან ცოტა ხანი აცალეთ, რათა ხორცის ზედაპირი შეშრეს, ასე ადვილად შეიწვება, თუ გადაატრიალებთ ამ გუნდებს პერიოდულად (შეწვამდე) - კიდევ უფრო უკეთესი;
10. შეწვით  ცხელ, ზეთ-მოსხმულ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე. უმჯობესია შეწვათ თავსახურის გარეშე, ასე კატლეტი წვნიანი და რბილი გამოვა. თავდახურულ ტაფაში ხორცი "ჩაითუშება", წვენი გარეთ გამოვა, რაც მის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედებს. თუ თვლით, რომ ასე გული შეუწვავი დარჩება, მაშინ როცა ყველა მხრიდან გაიკეთებს კატლეტი "ქერქს" ანუ შეიბრაწება, შემდეგ გადაიყვანეთ დაბალ ცეცხლზე და დაახურეთ თავსახური ტაფას.


ასეთი კატლეტი ისევ ფაფუკი და გემრიელია მეორე დღესაც. განსაკუთრებით, თუ სპეციალური კონტეინერით გააცხელებთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთის განმავლობაში.

ძალიან უხდება გახეხილი სტაფილოს სალათა მაიონეზით და სურვილის შემთხვევაში - ნივრით შეზავებული; ამასთან,  კარტოფილის პიურე ან გრეჩიხა. შემწვარი კარტოფილიც არ არის დასაწუნი თანმხლები, ნამდვილად.

Top