napoleoni

დარწმუნებული ვარ ყველამ იცით რომელ ნამცხვარზეა საუბარი და წარმოიდგინეთ კიდეც, ხრაშუნა ფენოვანი ფირფიტები, ტკბილზე-ტკბილი კრემის თანხლებით, ზემოდან ათას ნამცეცად დატეხილი ოქროსფერი ფანტელით მორთული და შაქრის პუდრით დათოვლილი. მაგრამ, ჩვენი ნაპოლეონი სულაც არ ყოფილა ერთადერთი და განუმეორებელი ამ დუნიაზე… მე, კი ეს ორი დღეა მათ რაოდენობას და სახეებს, ვითვლი-ვითვლი და მაინც ვერ ჩამოვთვალე (საბოლოოდ, რამდენიმე კვირა გაიწელა ყველას ჩამოვლა და დაგემოვნება)..

სახეობების შემდეგ, წარმომავლობის ძიება დავიწყე და კიდევ უფრო დავიბენი - ალბათ, ფრანგული გგონიათ, არა, თან იმპერატორ ნაპოლეონის სადიდებლად შექმნილი ..

 

ერთი სიტყვით, ეს ნამცხვარი სულაც არ არის იმპერატორ ნაპოლეონის სახელობის და არც საფრანგეთის ისტორიას უკავშირდება. მაგრამ ფრანგულია, თუ არა ჯერ ვერც ფრანგებმა დაადგინეს და ვერც კონდიტრები შეთანხმებულად. უფრო სწორედ ზოგი ამბობს - „კაცმა არ იცის ვინ, სად და როდის შექმნაო“, ზოგიც ამბობს - „ფრანგულიაო“ და ზოგიც - „იტალიურიო“.

 

ისე, უმეტესი ისტორიკოსებისა იტალიას ემხრობა და აი რატომ: სიტყვა, რომელიც ამ ნამცხვარს აღნიშნავს, ფრანგულში იხმარება შემდეგი მნიშვნელობით: ნეაპოლური ან „რაიმე ნეაპოლიდან“ (ან ნაპოლი-დან, ქალაქი იტალიაში) .. თან, იტალიაში ნაპოლეონის გაცილებით მეტი ვერსიას აქვთ, მაგ: არატკბილი - ყველით, ისპანახით და ა.შ.

არის კიდევ ნაპოლეონის წარმოშობის ერთი ვერსია, რომ იგი ფრანგმა კონდიტერმა Careme-მ შექმნა, თუმცა ისიც სახელწოდების ქვეშ გულისხმობდა „ნამცხვარი ნეაპოლიდან“ ან „ ნამცხვარი ნეაპოლურ სტილში“.

ერთი, სიტყვით მე, იტალიელები და ბევრი კონდიტერიც ვემხრობით რომ ეს ნამცხვარი და იდეა იტალიურია.

 

თუმცა, ის რასაც ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ და ნაპოლეონს ვეძახით, ფრანგულ ან ევროპულ საკონდიტროებში რომ მოითხოვოთ, სხვა ნამცხვარს მოგიტანენ, დიახ-დიახ, სულ სხვას; მართალია, ამ ნამცხვარსაც ექნება ფენოვანი ცომის ფენები, უფრო სწორედ 3 ფენა, ექნება კრემი და შეიძლება ქონდეს ჯემიც.. მაგრამ, თუ ამ ნამცხვარს ზემოდან დახედავთ - სულაც ვერ იცნობს, კრემისა და ათას ნაწილად დატეხილი ფირფიტის ნაცვლად, თქვენ შაქრიანი მინანქრის და შოკოლადის ლამაზი ზოლები შეგეფეთებათ.

 

აი, გაავს ეხლა ეს ორი ნამცხვარი ერთნამეთს? ალაგ-ალაგ და მხოლოდ გვერდიდან, ხომ? გემო, კი საკმაოდ განსხვავებული აქვს.

italiannapoleon

 

 

 მაგრამ, ჩემი გაოცება სულ სხვა ფაქტმა გამოიწვია და ეს „რუსული ნაპოლეონი“ იყო, რომელიც კიდევ უფრო განსხვავებულია ევროპული და ქართული ნაპოლეონისგან, რომელთაც ფენოვანი ფირფიტები მაინც აერთიანებს.. როგორც აღმოჩნდა, რუსული ვარიანტი თხელზე-თხელი 9-15 ფირფიტისგან შესდგება და იკვრება მოხარშული კრემით; ფირფიტების მომზადების წესი, კი ძალიან გავს ფხვიერი ცომის მომზადების წესს და არანაირად არ მოიცავს ფენოვან ცომს.. რუსულ კულინარიაში კიდევ აღმოვაჩინე „თაფლიანი ნაპოლეონი“, რომელიც უკვე საერთოდ სხვა ლიგიდანაა..

napoleon2 

აი, ასეა ნაპოლეონ“ებ“ის ამბავი.. ისე, ფრანგულ და იტალიურ კულინარიაში ამ ნამცხვარს ოფიციალურად სულ სხვა სახელი ქვია და ნიშნავს „ათას ფოთოლს“, რაც ფრაგულად არის ‘mille-feuille” და იტალიურად „mille foglie”. ასევე, თუ ინგლისურ ენოვან ქვეყნებში შეეცდებით ეს ნამცხვარი მოიძიოთ, მაშინ ის უნდა მოიკითხოთ, როგორც vanilla slice, cream slice ან custard slice...

 

ნაპოლეონის ვარიაციები ამით არ შემოიფარგლება, როცა ჩემს ხელთ არსებული წიგნები შემომელია და ინტერნეტში გავაგრძელე კვლევა-ძიება, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ეროვნულ კულინარიაში არის ნამცხვარი „ნაპოლეონი“, დაწყებული არგენტინით და ირანით დამთავრებული, თუმცა, ყველაზე დიდი გაცოვება მაინც ჰონგ-კონგურმა ვარიანტმა გამოიწვია, სადაც ნაპოლეონი მზადდება ღრუბლის (ტორტის) ბისკვიტით, „ცოცხალი“ (კარაქის) კრემით და ნიგვზით.

 

აქ გთავაზობთ www.perfectcook.org-ზე განთავსებული ნამცხვარ ნაპოლეონის რეცეპტებს:

რუსული ნაპოლეონი (ან სლავური ნაპოლეონი) - rtuli-ს რეცეპტებიდან;

ქართული ნაპოლეონი - cicinog-ს რეცეპტებიდან;

ნაპოლეონის ფირფიტების რეცეპტი volli-ს რეცეპტებიდან; 

და გპირდებით, რომ პერიოდულად შევმატებთ ნაპოლეონის სხვა რეცეპტებსაც;